პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა გაზარდა

17:10, 30.09.2026
პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა (საილუსტრაციო ფოტო)

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ვაშინგტონში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროებულა. თუმცა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალური პირმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ასევე ეხებოდა ომისშემდგომ პერიოდში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შესაძლო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ამავდროულად, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის რიცხოვნობის გაზრდის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი.

ბრძანებულების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 15 500 ერთეულით იზრდება. შედეგად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთლიანი შემადგენლობა 2 441 630 გახდება, საიდანაც 1 550 500 პირი უშუალოდ სამხედრო მოსამსახურე იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზები არ დასახელებულა. საერთაშორისო მედიის ცნობით კი, ეს ნაბიჯი ბრძოლის ველზე როგორც მოსკოვის, ისე კიევის მიერ განცდილი დანაკარგების ფონზე გადაიდგა. პუტინის მიერ ამ ბრძანებულების გამოცემის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი გაფრთხილებით გამოვიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: „რუსებმა უკვე დაიწყეს მორიგი მობილიზაცია. ისინი ასევე გეგმავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაბირების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთი თავის არმიაში ხალხს იბირებს, ამის წინააღმდეგ ზომები მიიღონ“.

ამასთან, კრემლმა დასავლური კომპანიების მფლობელობაში არსებული აქტივების ჩამორთმევა ომში ამ ქვეყნების ჩართულობით ახსნა. მოსკოვმა დროებითი მართვის რეჟიმში გადაიყვანა რამდენიმე დასავლური გიგანტი, მათ შორის გერმანული საცალო ვაჭრობის ჯგუფი და ფრანგული სუპერმარკეტების ქსელი.

დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი: „ეს დადგენილება საკუთრების უფლების შეცვლას არ ითვალისწინებს. საუბარია გარე მმართველობის შემოღებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, საკვანძო ფაქტორი გახდა ის გარემოება, რომ ეს კომპანიები „არაკეთილმოსურნე“ სახელმწიფოებთან არიან დაკავშირებული“.

გასულ ღამეს, უკრაინის დედაქალაქში კვლავ ისმოდა აფეთქებების ხმა. რუსული დარტყმების გახშირების გამო, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადადის. რუსეთი ასევე უტევს სუმის, როვნოს და ოდესის მიმართულებით. ოდესაზე თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა.

სტატიის ავტორი: ემილია ზაპარტოვა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტო: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის ვებგვერდი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი, 2026 წელი, 16:35 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი