პუტინის პროგნოზი: დროთა განმავლობაში, უკრაინის დასავლეთი ტერიტორიები პოლონეთის, უნგრეთისა და რუმინეთის ხელში გადავა

11:20, 28.07.2026
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთის ფედერაციის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრებს შეხვდა. მოსკოვი, 2026 წლის 27 ივლისი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთის ფედერაციის მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრებს შეხვდა. მოსკოვი, 2026 წლის 27 ივლისი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლეთი ტერიტორიები, დროთა განმავლობაში, ქვეყანას საბოლოოდ გამოეყოფა. მან ნატო-ს გაფართოების მიმართ მოსკოვის დიდი ხნის პრეტენზიები ისევ გაიმეორა და დასავლეთი უკრაინაში ომის პროვოცირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის ცნობით, პუტინმა ეს განცხადებები სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას გააკეთა. მან უკრაინის დასავლეთ რეგიონები მოიხსენია, როგორც ისტორიულად პოლონური, უნგრული და რუმინული მიწები, რომელთა უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის დროც იწურება.

„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, უკრაინა დაკარგავს თავის დასავლეთ ტერიტორიებს, მიწებს, რომლებიც ოდესღაც პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს ეკუთვნოდა, – განაცხადა მან, – შეიძლება ეს ხვალ ან ზეგ არ მოხდეს. ამას შეიძლება 1, 2, 10 ან 15 წელი დასჭირდეს, მაგრამ ისტორია საბოლოოდ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“.

მისი თქმით, ეს ტერიტორიები კიევის კონტროლის ქვეშ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ლიდერმა, იოსებ სტალინმა ისინი ერთიანი სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის – შემადგენლობაში შესულ უკრაინას მიუერთა, რადგან მოსკოვსა და კიევს შორის დღევანდელი განხეთქილება ვერ წარმოედგინა.

პუტინმა ასევე გაამეორა მოსკოვის ძველი ნარატივი იმის შესახებ, რომ სწორედ რუსეთი და არა დასავლეთი იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ჭეშმარიტი გარანტი, ვიდრე კიევი მოსკოვის წინააღმდეგ წავიდოდა და მას მტრის ხატად აღქმას დაიწყებდა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი დასავლეთის მრავალწლიანი, მზარდი აგრესიის შედეგია. პუტინის განცხადებით, ამ აგრესიაში იგულისხმება ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოებაც, მიუხედავად წარსულში გაცემული დაპირებებისა, რომ ეს არ მოხდებოდა. პუტინის მტკიცებით, სწორედ ამან აიძულა რუსეთი, დაეწყო„სპეციალურ სამხედრო ოპერაცია“.

ომისწინა მოვლენების გახსენებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობოდა, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ეს პოზიცია პუტინის თქმით, არაკონსტიტუციური, სისხლიანი გადატრიალების შემდეგ შეიცვალა.

„მთელი დასავლეთი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მოხდა და ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა მან.

„სწორედ ამ აგრესიულმა ქმედებებმა, რომლებიც წლიდან წლამდე ძლიერდებოდა, მიგვიყვანა უკრაინაში დღევანდელ კონფლიქტამდე, – აღნიშნა პუტინმა, – მათ გვაიძულეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება, რათა დაგვესრულებინა საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მანამდე დასავლეთმა და კიევის ხელისუფლებამ იმჟამინდელი უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე დაიწყეს“.

 

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)

ფოტოს ავტორები: სერგეი ბობილოვი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“; რუსული სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკი“

სტატიის ავტორია null (PR). თავდაპირველად გამოქვეყნდა: 27 ივლისი, 2026, 18:30 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი