„პუტინის პირადი პროექტი“: რატომ არის ყირიმის ხიდი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი

17:17, 08.10.2026
ყირიმის ხიდი ქერჩის სრუტეზე, აზოვისა და შავ ზღვებს შორის არსებულ ვიწრო ზოლზე გადის. ფოტო გადაღებულია 2019 წლის 23 დეკემბერს / ავტორი: ალექსეი ნიკოლსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

ყირიმის ხიდი ქერჩის სრუტეზე, აზოვისა და შავ ზღვებს შორის არსებულ ვიწრო ზოლზე გადის. ფოტო გადაღებულია 2019 წლის 23 დეკემბერს / ავტორი: ალექსეი ნიკოლსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

ყირიმის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, უკრაინის მიერ მასზე განხორციელებული სამი თავდასხმის შემდეგ, უმკაცრესი დაცვის ობიექტად იქცა. რუსეთმა ხიდზე გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდა, შემოწმებები და კონტროლი გაძლიერა და გადასასვლელის დასაცავად, მრავალდონიანი თავდაცვის სისტემა მოაწყო.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყირიმის სამსახური (Suspilne Crimea) უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი რანგის თადარიგის კაპიტანს, სამხედრო ექსპერტ ანდრეი რიჟენკოს იმის შესახებ ესაუბრა, თუ როგორ შეიცვალა ვითარება ყირიმის ხიდის გარშემო, რა მნიშვნელობა აქვს მას რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკისთვის და რატომ ამკაცრებს რუსეთი უსაფრთხოების ზომებს ამ ობიექტზე.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება 2022 წლის 8 ოქტომბერს განხორციელებული პირველი თავდასხმის შემდეგ დაიწყო. აფეთქების შედეგად დაზიანდა საავტომობილო ხიდის ოთხი სექცია და სარკინიგზო ხიდის ნაწილი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ოპერაციის მომზადებას ექვს თვეზე მეტი დრო დასჭირდა. ხიდზე თავდასხმის განსახორციელებლად, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გამოიყენეს.

„გამოყენებული იყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ჰექსოგენზე დამზადებული სპეციალური ნარევი. საერთო წონა თითქმის 15 ტონას შეადგენდა, რაც დაახლოებით 21 ტონა ტროტილის ეკვივალენტია“, – აღნიშნა მალიუკმა.

სამხედრო ექსპერტი ანდრეი რიჟენკო მიიჩნევს, რომ ყირიმის ხიდს რუსეთისთვის არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს.

„ამ ხიდს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. ის პუტინის პირადი პროექტია. რუსეთის პრეზიდენტი მის აგებაზე ყირიმის ოკუპაციამდე დიდი ხნით ადრე ოცნებობდა. იდეა, სავარაუდოდ, 2003 წელს კუნძულ ტუზლასთან კაშხლის მშენებლობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გაჩნდა“, – განაცხადა რიჟენკომ.

მისი თქმით, თავდაპირველად გვირაბის მშენებლობის შესაძლებლობაც განიხილებოდა.

„თავდაპირველად იგეგმებოდა გვირაბის აშენება და ამ მიზნით გარკვეული ტექნიკაც კი იყო შეყვანილი. თუმცა, საბოლოოდ ხიდის აგება გადაწყვიტეს, მათ შორის იმიტომაც, რომ უკრაინულ პორტებში, ბერდიანსკსა და მარიუპოლში ნაოსნობა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ. სწორედ ამიტომ აშენდა ხიდი შედარებით სწრაფად“, – განმარტა ექსპერტმა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი რანგის თადარიგის კაპიტანი, სამხედრო ექსპერტი ანდრეი რიჟენკო /უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყირიმის სამსახურის (Suspilne Crimea) ფოტო

პირველი თავდასხმის შემდეგ, რკინიგზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა, ხოლო საავტომობილო მონაკვეთი დაახლოებით ექვს თვეში აღადგინეს.

„ეს არის ძალიან მყარი რკინაბეტონის კონსტრუქცია. აფეთქებაზე რამდენიმე ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება დაიხარჯა. ვიცით, რომ განადგურდა საავტომობილო ხიდის ოთხი სექცია და დაზიანდა სარკინიგზო მონაკვეთი. აფეთქების მომენტში, ხიდზე საწვავით დატვირთული შემადგენლობა გადადიოდა. ისიც აფეთქდა, ხანძარმა კი რკინიგზის სექცია დააზიანა“, – განაცხადა რიჟენკომ.

აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, რუსეთმა ხიდზე მოძრაობაზე კონტროლი გააძლიერა.

„მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს უსაფრთხოებაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეიზღუდა რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა, თუმცა სამგზავრო მატარებლები ისევ მოძრაობას და თავად რკინიგზაც ფუნქციონირებს. რაც შეეხება საავტომობილო ხიდს, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, მისი შეკეთების დასრულებისთანავე, უსაფრთხოების ზომები ძალიან გაამკაცრეს და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება უფრო საგულდაგულოდ დაიწყეს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

პირველი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის სპეცსამსახურებმა მორიგი დარტყმის მომზადება დაიწყეს. 2023 წლის ივლისში, ოპერაციისთვის მათ გამოიყენეს საზღვაო დრონები სახელწოდებით, Sea Baby. ეს დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი კატარღები უკრაინის სპეცსამსახურებმა სპეციალურად ხიდზე თავდასხმისთვის შექმნეს. დრონები ხიდისთვის დარტყმის მისაყენებლად დამზადდა და მათი მართვა დისტანციურად ხორციელდებოდა.

საზღვაო დრონი Sea Baby / უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ფოტო

მეორე დარტყმის შემდეგ, რუსეთმა გადასასვლელის დაცვა კიდევ უფრო გააძლიერა. ხიდის მისადგომებთან გაჩნდა დამატებითი ბარიერები და უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებები.

2025 წლის ივნისში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდის წინააღმდეგ მიმართული მესამე სპეციალური ოპერაცია ჩაატარა. ამჯერად დარტყმა უშუალოდ კონსტრუქციის წყალქვეშა ნაწილზე განხორციელდა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერაციაში გამოყენებული იყო 1 100 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ხიდის საყრდენებთან ააფეთქეს.

ამის შემდეგ რუსეთი განაგრძობს გადასასვლელის დაცვის გაძლიერებას. კერძოდ, წყალში დამონტაჟდა წყალქვეშა და წყლისზედა დრონებისგან დამცავი მრავალდონიანი სისტემა.

ჰაერიდან ხიდს საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები ფარავს. რიჟენკოს თქმით, რუსეთი ასევე ზღუდავს სატვირთო გადაზიდვებისთვის ხიდის გამოყენებას.

„რამდენადაც ცნობილია, ხიდზე გადამსვლელი სატვირთო ავტომობილებისთვის მათ წონის შეზღუდვებიც კი დააწესეს. გარკვეულ წონაზე მეტი ტვირთის გადამზიდ საშუალებებს ხიდზე შესვლა ავტომატურად ეკრძალებათ, რადგან ერთ ტონა ასაფეთქებელსაც კი შეუძლია, სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს“, – განაცხადა მან.

ყირიმის ხიდზე პირველი თავდასხმის წლისთავის, 8 ოქტომბრის წინა დღეებში, რიჟენკოს ცნობით, რუსეთმა შავ ზღვაში დაზვერვა გააძლიერა.

„ცნობილია, რომ შავი ზღვის მთელ ფლოტს დაევალა პატრულირებისა და მეთვალყურეობის გაძლიერება. ეს ნიშნავს, რომ ისინი რაღაცისთვის ემზადებიან“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ამ ზაფხულს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში დარტყმები მიაყენეს რუსულ ობიექტებს, კერძოდ – ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურას.

როგორც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ აღნიშნა, ოპერაცია „ყირიმის გათიშვა“ ყირიმის ხიდზე პირდაპირი დარტყმის მიყენებას არ ითვალისწინებდა. თუმცა, უკრაინულმა დრონებმა, ძალის დემონსტრირების მიზნით, ხიდის სიახლოვეს მაინც გადაიფრინეს.

„სანამ გეძინათ, ყირიმის ხიდზე ალტერნატიული გათბობა და განათება გამოვცადეთ. შთამბეჭდავი სანახაობა გამოვიდა. თუმცა, ეს მხოლოდ წვრთნა იყო. ამას ნელ-ნელა უნდა შეეჩვიონ. ყირიმის ხიდს ხელს არ ვაკარებთ. გადავიდნენ მაგ ხიდზე და წავიდნენ ურალში საცხოვრებლად“, – განაცხადა ბროვდიმ.

დარტყმები ყირიმის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე / ფოტო:
Telegram / MADYAR

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევის ხიდებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების შემდეგ, უკრაინის პოზიცია ყირიმის ხიდთან დაკავშირებით, შესაძლოა, შეიცვალოს. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ესკალაციისკენ მიისწრაფვის.

„ისინი ახლა ხიდებს ურტყამენ. მართლა ჰგონიათ, რომ პასუხს არ გავცემთ?“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რიჟენკოს თქმით, ყირიმის ხიდის შესაძლო დაზიანებით რუსეთს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რეპუტაციული ზიანიც მიადგება. ამდენად, მისი განადგურება ან ხანგრძლივი ვადით მწყობრიდან გამოყვანა რუსეთისთვის გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე უბრალო ლოჯისტიკური შეფერხებაა.

სტატიის ავტორი: ანა იანკო, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 8 ოქტომბერი, 2026 წელი, 12:30 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი