პუტინის „გეგმა B“: იგებს თუ არა ის ომს შემოვლითი გზით?
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ირანის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრება. გადაღებულია თურქმენბაშიში, 2026 წლის 8 ოქტომბერს / ფოტოს ავტორი: გავრიილ გრიგოროვი / POOL / AFP
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, სამხედრო თვალსაზრისით, ჩიხშია შესული, თუმცა დასავლეთში განწყობები იცვლება. გერმანელთა 42 პროცენტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. „გერმანიის ალტერნატივა“ ზეწოლას ახდენს კიევისთვის გერმანიის დახმარებაზე. იქნებ, სწორედ ამას ელოდა პუტინი და ხომ არ ამუშავდა მისი „გეგმა B“?
სექტემბრის ბოლო პარასკევს, კიევში საჰაერო განგაშის ხმა 10-ჯერ გაისმა და, ჯამში, თითქმის ცხრა საათი გაგრძელდა. შედეგი: 7 დაღუპული. მომდევნო კვირას განგაშის მაუწყებელი სირენა 18 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. იმ დღეს, უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს, 3 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. ასეთი რამ კიევის ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა. ამავდროულად, ARD-DeutschlandTrend-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 42 პროცენტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში ეს მაჩვენებელი 54 პროცენტს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
„ის ვერ იგებს სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა სურს გაიმარჯვოს პოლიტიკურად“, – აცხადებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ექსპერტი, ნიკო ლანგე „ბავარიის რადიოსთვის“ (BR24) მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე საუბრისას. პუტინი ერთდროულად ომის 3 ფრონტზე იბრძვის: ფრონტის ხაზზე, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის და გერმანიის წინააღმდეგ.
პუტინის პროპაგანდისტული ომი გერმანიის მიწაზე
ამ თვალსაზრისით, რეალურ ასპარეზი დასავლეთის ქვეყნების პარლამენტები, ტოკ-შოუები და ონლაინ-კომენტარებია. გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის ექსპერტი რუსეთის საკითხებში, მარგარეტე კლაინი მოსკოვის სტრატეგიას ასე აღწერს: მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა და დეზინფორმაცია გერმანიაში განხეთქილების გასაღრმავებლად, იმ განცდის დასანერგად, რომ საკუთარი მთავრობა არ იცავს მოსახლეობას.
ამ სტრატეგიის მიზანი უკრაინის მთავარი მხარდამჭერის როლიდან გერმანიის გამოთიშვაა.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ავრცელებს ყალბ ნარატივს, თითქოს, მერცს ახალგაზრდა გერმანელების უკრაინის ფრონტზე გაგზავნა სურს; საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებისთვის განკუთვნილ სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო პლაკატებზე კი გამოსახულია გაუმაძღარი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, ხოლო მისთვის დახმარება „გამოძალვად“ არის შეფასებული.
ეს ორ ფაქტი არის ზუსტად ის, რაც პუტინს სურს. რუსულ პროპაგანდას არ სჭირდება თითოეულ ადამიანამდე პირდაპირ მიღწევა: ამისთვის ადგილობრივი შემსრულებლების წახალისებაც საკმარისია, რომლებიც ხალისით გააკეთებენ ამ საქმეს. „ეს არის საკვანძო პუნქტები იმისთვის, რომ გერმანია მთავარი მხარდამჭერის როლს ჩამოშორდეს“, – აჯამებს კლაინი.
პუტინის სტრატეგიული დაბომბვების ომი
პუტინს ასევე სურს უკრაინაში ხალხის გამოფიტვა. ზაფხულიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ახალ, უფრო სწრაფ რეაქტიულ საბრძოლო დრონებს, რომელთა წინააღმდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვას საპასუხო ზომები ჯერ არ უპოვნია. თავდასხმები აღარ შემოიფარგლება ღამის საათებით და თითქმის 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. მიზანი მოსახლეობის ნების გატეხვაა.
კიევში აგვისტოში დანიშნული გერმანიის ელჩი, ბორის რუგე (Boris Ruge) ვითარებას უშუალოდ ადგილზე აკვირდება. მისი თქმით, ხალხი დაძაბულია, საზოგადოებრივი ცხოვრება შეფერხებულია, ხიდები იკეტება, ბავშვებს თავშესაფრებში გზავნიან. მიუხედავად ამისა, „ომის მეხუთე წელს ადამიანები მტკიცედ დგანან და მზად არიან, განაგრძოს წინააღმდეგობის გაწევა“, რადგან იციან, რა ბედი ელოდებათ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში. ისტორიულად, პუტინის გათვლები სუსტად არის დასაბუთებული: სტრატეგიული დაბომბვების გზით წარმოებული ომები იშვიათად ტეხს მოსახლეობის ნებას.
სად გადაწყდება ომის ბედი?
ვითარება უშუალოდ ფრონტზე ჩიხშია შესული, თუმცა სულაც არ არის სტატიკური. ორივე მხარე ატარებს ექსპერიმენტებს დრონების ახალ ტაქტიკასა და მართვის ახალ სტრუქტურებზე. სამხედრო ექსპერტის, გუსტავ გრესელის თქმით, გადამწყვეტ განსხვავებას დაფინანსება შექმნის. რუსეთი მოხალისე ჯარისკაცებისთვის მასშტაბურ პრემიებს იხდის რეგიონების (ოლქების) მეშვეობით, რომლებიც ამით ასტრონომიულ ჩრდილოვან ვალებს აგროვებენ. უკრაინის დარტყმები რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე სწორედ ამ ფინანსურ ბაზას ანგრევს.
იგივე ეხება უკრაინასაც: თუ დასავლეთის მხარდაჭერა შეირყევა, ეფექტიანი თავდაცვა ეჭვქვეშ დადგება. „ომის ბედი ბრძოლის ველზე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისი შედეგი, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა უკრაინას ომის გასაგრძელებლად საჭირო დაფინანსება“, – ამბობს გრესელი.
გერმანიის ელჩი უკრაინაში, ბორის რუგე შედეგებს ასე აღწერს:
„ეს მხარდაჭერა რომ შეწყდეს და უკრაინა კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, ხოლო, უარეს შემთხვევაში, სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდეს, დანამდვილებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მილიონობით ადამიანი დატოვებს უკრაინას და დასავლეთში გადავა, რადგან ისინი პუტინის მწამებლურ სახელმწიფოში ვერ იცხოვრებენ“.
ექსპერტებს სჯერათ, რომ პუტინი ამ ომს ვერც სამხედრო და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ მოიგებს. ერთადერთი კითხვა ის არის, თუ რაოდენ დიდი ზიანი მიადგება მხარეებს მანამდე და რამდენი დრო დასჭირდება ევროპას მკაფიო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. უშუალოდ კანცლერ მერცის კიევში ვიზიტის დროს, უკრაინის დედაქალაქმა დრონებით ბოლო პერიოდში ყველაზე ინტენსიური თავდასხმა განიცადა. პუტინი აღარ იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელიც ადრე სახელმწიფო ვიზიტების დროს მოქმედებდა.
სტატიის ავტორი: დომინიკ პოსოხი, „ბავარიის რადიო“ (BR24 -Bayerischer Rundfunk)
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი, 2026 წელი, 09:08 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)