პსჟ-ს კილიან მბაპეს მიმართ დავალიანების გამო ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვა ემუქრება #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“, შესაძლოა, გარიცხონ ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებიდან. ამის მიზეზია ფინანსური დავა კლუბის ყოფილ ფეხბურთელთან, კილიან მბაპესთან, რომელიც მადრიდის „რეალში“ თამაშობს. ეს ინფორმაცია გაზეთმა Le Monde-მა გაავრცელა.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გავლით მიმართა საფრანგეთის ლიგისა და უეფა-ს იურიდიულ კომისიებს, რათა მოითხოვოს თავისი ყოფილი კლუბისგან, „პარი სენ-ჟერმენისგან“ 55 მილიონი ევროს გადახდა ძველი კონტრაქტის მიხედვით.
წყაროს ცნობით, ამ საკითხში ფრანგული ლიგის (LFP) მონაწილეობა, შესაძლოა, კატასტროფად დაუჯდეს პსჟ-ს, რადგან ამ ორგანიზაციას სრული უფლება გააჩნია, აუკრძალოს კლუბს ტრანსფერების განხორციელება, ასევე ჩამოართვას მას უეფა-ს ლიცენზია, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვას.
ასევე წერენ, რომ ნებისმიერმა კლუბმა, რომელიც მონაწილეობას იღებს უეფა-ს ტურნირებში, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება თავისი პერსონალის მიმართ.
ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენმა“ შეიძლება დაკარგოს 2024-25 წლების სეზონისთვის გაცემული უეფა-ს ლიცენზია ფინანსური და ლიცენზირების წესების დარღვევის გამო.