პსჟ ოსიმენის სატრანსფერო გარიგებაში საკუთარი ფეხბურთელების ჩართვას ეცდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურად მუშაობს „ნაპოლიდან“ ფორვარდ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე. ფრანგულ პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ფრანგული გრანდი მზადაა, ნიგერიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფორვარდს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში ხელფასის სახით 13 მილიონი ევრო დაუნიშნოს. გარდა ამისა, ოსიმენი 100 პროცენტით შეინარჩუნებს საიმიჯო უფლებებს და დამატებითი შემოსავალი ექნება კლუბის სარეკლამო გარიგებებიდან.
მაგრამ ამის შემდეგ ნეაპოლურმა გაზეთმა, Il Mattino-მ დაწერა, პსჟ-ს არ სურს „ნაპოლისთვის“ 120 მილიონი ევროს გადახდა და მზად არის, ფასის დასაწევად რომელიმე თავისი ფეხბურთელი ჩართოს გარიგებაში.
სახელდება ოთხი ვარიანტი: კარლოს სოლერი, მარკო ასენსიო, კან-ინ ლი და ლუკას ბერალდო.
ამასთან, ამ საკითხში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება „ნაპოლის“ ახალ მწვრთნელზე.
ამ სეზონში ოსიმენმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.