პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო და დუბლი შეასრულა
პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო და დუბლი შეასრულა

უნაი ემერის გაწვრთნილმა “პარი სენ-ჟერმენმა” 2017-18 წლების სეზონში დუბლი შეასრულა – ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის თასს დაეუფლა.

პსჟ-ს “სტად დე ფრანსზე” ფინალში საფრანგეთის მე-3 დივიზიონის ბინადარი “ლე-ერბიე” უპირისპირდებოდა.

რანგით დაბალ “ლე-ერბიეს ბევრი არაფერი გამოსდიოდა, რაც ჩანს სტატისტიკაში. მაგალითად, პირველ ტაიმში პარიზელთა მეკარეს კევინ ტრამპს მხოლოდ ოთხი შეხება ჰქონდა ბურთთან.

რაც შეეხება “პარი სენ-ჟერმენს”, მან თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. პირველი ნახევრის შუაში ჯოვანი ლო სელსომ წინ გაიყვანა პსჟ, 74-ე წუთზე კი უპირატესობა განავრცო ედინსონ კავანიმ, რომელმაც პენალტი გამოიყენა.

“პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეოთხედ და სულ ისტორიაში მეთორმეტედ მოიპოვა საფრანგეთის თასი.