პსჟ-მ პირველად დაამარცხა იტალიური გუნდი, ნეიმარის 16 წარმატებული ფინტი, იტალიური გუნდების 10 უიღბლო წელი - საინტერესო ფაქტები პსჟ-ატალანტას შეხვედრიდან
ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი” გახდა, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში მოუგო მეოთხედფინალი „ატალანტას” – 2:1.
მატჩის საინტერესო ფაქტები:
* პარიზელებმა 149 წამის ინტერვალით გაიტანეს ორი გოლი.
* პსჟ თავის ისტორიაში მეორედ არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველად ეს 25 წლის წინ მოხდა, როცა მეოთხედფინალში იოჰან კრუიფის „ბარსელონა” დაამარცხა. ნახევარფინალში პარიზულმა კლუბმა „მილანთან” წააგო. მაშინდელი პსჟ-ს ვარსკვლავები იყვნენ პოლ ლე გუენი, ჟორჟ ვეა და დავიდ ჟინოლა.
* ჩემპიონთა ლიგის წინა შვიდ გათამაშებაში პსჟ ოთხჯერ გამოვარდა მეოთხედფინალიდან და სამჯერ – მერვედფინალიდან.
* პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არასოდეს მოეგო იტალიური კლუბებისთვის – იყო ოთხი ფრე და ორი წაგება. თუ მთლიანად ევროთასებს ავიღებთ, პსჟ-მ პირველად გაიარა იტალიური ბარიერი ბოლო 19 წლის განმავლობაში – 2001 წლის ინტერტოტოს თასზე აჯობა „ბრეშას”. თუმცა, მაშინაც ვერ მოიგო – შემდეგ ეტაპზე ორი ფრით გავიდა.
* ნეიმარი პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2015 წლის შემდეგ – მაშინ ბრაზილიელი „ბარსელონას” ფეხბურთელი იყო. კილიან მბაპე კი ბოლოს ამ სტადიაზე 2017 წელს იყო „მონაკოს” მოთამაშის რანგში.
* გამარჯვების გოლის ავტორმა ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგმა ბოლო ექვს წელიწადში პირველად გამოიჩინა თავი ჩემპიონთა ლიგაზე – პსჟ-ის რიგებში მას ამ ტურნირზე გოლი არ გაუტანია, ბოლოჯერ 2014 წლის ოქტომბერში „შალკეს” შემადგენლობაში გაიტანა.
* პსჟ-მ გააგრძელა ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი სერია – ზედიზედ 33-ე მატჩში გაიტანა. თუ ნახევარფინალშიც შეძლებენ ამას, გაიმეორებენ „რეალის” რეკორდს: მადრიდელებმა 2011-14 წლებში ზედიზედ 34 მატჩში გაიტანეს.
* ნეიმარმა 16 წარმატებული ფინტი შეასრულა მთელი მატჩის განმავლობაში. ეს მიმდინარე ტურნირი რეკორდია. წინა საუკეთესო მიღწევა ლიონელ მესისა და ლორენცო ინსინიეს ჰქონდათ – 11 წარმატებული ფინტი.
* „ატალანტას” გავარდნის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე აღარ დარჩა იტალიური გუნდი. ეს ნიშნავს, რომ სერია A-ს კლუბები უკვე 10 წელია ვერ იგებენ ჩემპიონთა ლიგას. ბოლოს ტიტული 2009-10 წლების სეზონში „ინტერმა” აიღო. უფრო ხანგრძლივი პაუზა იტალიურ კლუბებს ჯერ კიდევ ჩემპიონთა თასზე ჰქონდათ – 16 წელი: 1969 წლიდან 1985 წლამდე.