პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.