პროკურორის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება
პროკურორის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე ბრალდების მოწმეები, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე დაიკითხა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოწმეთა ჩვენებს აბსურდულს უწოდებს. ზურაბ თოდუას განმარტებით, გუგა ბარბაქაძემ თქვა, რომ დაინახა როგორ იქნევდა კალანდია და მენაბდე ჩხუბის დროს საეჭვო ნივთს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რომ საეჭვო ნივთი იყო დანა. მისივე თქმით, მოწმეს დღემდე მსგავს დეტალებზე არ უსაუბრია.

„მოწმემ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მოგვცა. მოწმემ ისეთი ახალი გარემოებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მას აქამდე გაჟღერებული არ ჰქონია. მსჯავრდებულ ბარბაქაძის მიმართ განოხორციელებულია ფარული საგამოძიებო მოქმედება, როცა ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. იქ ბარბაქაძე საერთოდ სულ სხვა რამეს ამბობს, მაგრამ ეს პატივცემული მოწმე დღეს სულ სხვა რამეს აცხადებს. თურმე, სანამ ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაიწყებოდა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს პოლიციელებმა, მაგრამ მან ვერცერთი პოლიციელის აღწერა ვერ შეძლო. მოწმის თქმით, რაღაც ჩანაწერი მისცეს და ამ ჩანაწერით ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, იყო თუ არა ამ ჩანაწერში რამე ტექსტი, რომელიც კალანდიას მონაწილეობას გამორიცხავდა, მან განაცხადა, რომ კალანდიას შესახებ ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია და არ უთხოვიაო. დღეს პატივცემული მოწმე ამბობს, რადგან ორი წელია გასული, დეტალები არ მახსოვს, მაგრამ 2018 წლის 30 ივნისს, როცა დავიკითხე გამომძიებლის მიერ, მაშინ უკეთესად მახსოვდა და რაც იმ გამოძიებაში მაქვს მიწოდებული ინფორმაცია, ის არის მართალიო. ის გაცილებით ადრე, 17 მაისს არის სასამართლოში დაკითხული, იმ მომენტში ყველაფერი უკეთ მახსოვდა და ის არის ნამდვილიო, თქვა. ის ამ ორ ჩვენებაში ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მან დაინახა, როგორ ურტყამდნენ კალანდია და გ.მ. დავით სარალიძეს რაღაც გაურკვეველ საგანს. ეს გაურკვეველი საგნის აღწერილობა მან გამომძიებელს არ განუმარტა მაშინ, მაგრამ დღეს განმარტა, რომ ეს რაღაც გაურკევველი საგანი შესაძლოა ყოფილიყო 5, 7, 8, 10 სანტიმეტრიანი საგანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც წაწვეტებული, მაგრამ ეს არ იყო დანა. ვფიქრობ, ზუსტად ეს დავალება აქვს მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, დღეს მოქმედი პროკურატურის მიერ, რომ მან ეს ჩვენება გამოძიებას მისცეს, რათა ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებას კალანდიას მიმართ ჩაფიქრებული აქვს, საქმეში ჩადონ.
ამ მოწმის ჩვენება არაადეკვატურია, ის წინააღმდეგობაში მოდის მის ოთხ ჩვენებასთან. ლოგიკურია კითხვა, როდის ამბობს ის სიმართლეს, მაშინ, როცა ფარულად ჩაწერეს, მაშინ როცა სასმართლოში მისცა ჩვენება, პოლიციის განყოფილებაში ისაუბრა, თუ დღევანდელ პროცესზე“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენებები შეესაბამება სასამართლოში პირველი ინსტანციის დროს, მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებას. დეტალურად ვის რა ეჭირა ხელში და ვინ ვის რა საგანს ურტყამდა, მესმის საზოგადოების ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, არ არის სასურველი, ასეთი წვრილმანი დეტალები გავაჟღეროთ“, – განაცხადა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

პროკურორების განმარტებით კი, გუგა ბარბაქაძემ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რამაც ბრალდების მხარის პოზიცია განამტკიცა.

„მოწმემ სასამართლოს მიაწოდა მისთვის ცნობილი ინფორმაცია. ჩვენების შინაარსში არ შემიძლია შევიდე, ვინაიდან პროცესი დახურული იყო. ერთი ფაქტობრივი გარემოება შემიძლია მოგახსენოთ, რომ მოწმე გ.ბ.-მ დაადასტურა, რომ მან დაინახა როგორ ურტყამდა მ.კ. დავით სარალიძეს მის ხელთ არსებულ წაწვეტებულ საგანს. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავს. საგნის ზუსტი დასახელება არ მომხდარა, მაგრამ მოწმემ სავსებით გასაგებად აღწერა საგნის პარამეტრები, ფორმა, ზომა, მათ შორის ის პარამეტრები, რომ საგანი იყო წვეტიანი და მას თავისუფლად შეეძლო ის ჭრილობები მიეყენებინა დავით სარალიძისათვის, რა ჭრილობებიც ჰქონდა მიყენებული“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.