პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული „ბეისბოლის ბიტა“ არც ცემის და არც თავდასხმის ეპიზოდებში არ ფიგურირებს
პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული „ბეისბოლის ბიტა“ არც ცემის და არც თავდასხმის ეპიზოდებში არ ფიგურირებს

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში ორი ხელკეტია, მათგან ერთ-ერთი მერსედესის მგზავრს ეჭირა და ხელკეტზე მისი დნმ-ის კვალი ამოვიდა. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული „ბეისბოლის ბიტა“ არც ცემის და არც თავდასხმის ეპიზოდებში არ ფიგურირებს.

„ორი ხელკეტია სისხლის სამართლის საქმეში, ერთ-ერთი მერსედესის მგზავრს ეჭირა და მისი დნმ-ის კვალი ამოვიდა ხელკეტზე, თუმცა მეორეს რაც შეეხება, ეს ხელკეტი არაა, ესაა „ბეისბოლის ბიტა“, რომელიც ერთ-ერთის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს, თუმცა ეს ხელკეტი არც ცემის ფაქტებში, არც თავდასხმის ეპიზოდებში არ ფიგურირებს.  უნდა გავმიჯნოთ სხვადასხვა ექსპერტიზები, ის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა, ამოვიდა ნიკა ჟვანიას კვალი. თუმცა რაც შეეხება ხელის კვალს, იქ საუბარი იყო ანაბეჭდებთან დაკავშირებით. ის, რომ ბიოლოგიური კვალი ამოვიდა, არის უტყუარი მტკიცებულება.

რაც შეეხება მიკრონაწილაკურ ექსპერტიზას, ზოგადად, ეს არის სავარაუდო ექსპერტიზა და იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე ქსოვილისა და შეფერილობის ტანსაცმელი გვაცვია ადამიანებს, შეიძლება, ექსპერტმა დაადგინოს, რომ ეს ბოჭკო რომელიმე ჩვენგანს ეკუთვნის“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ამასთან, როგორც ყაზარაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნები სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი არ იყო, საქმეში ვერ მოხვდა.

„რაც შეეხება თავდასხმას, რომელიც განხორციელდა გიორგი ქათამაძესთან დაკავშირებით, იყვნენ  მერსედესის მანქანის მგზავრები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამ ადამიანს. შესაბამისად, მათი კვალი არის ასევე დნმ-ის კვლევაშიც. აქედან გამომდინარე, ეს შემხებლობაში არ არის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმესთან. ეს მიკრონაწილაკური ექსპერტიზის დასკვნები არის სავარაუდო, თუმცა მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული კვლები აღმოჩნდა. დნმ-ის ექსპერტიზისგან განსხვავებით, რომელიც არის ასპროცენტიანი და უტყუარი მტკიცებულება, მიკრონაწილაკური ექსპერტიზა არის სავარაუდო. ვინაიდან მკვლელობის სისხლის სამართლის საქმისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, ვერ მოხვდა საქმეში. ექსპერტები დაიკითხებიან და განმარტავენ, რა შემთხვევაში ხდება და როგორ ხდება წაშლა ბოჭკოვანის. ყველა საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, ხიდი იყო ის, სადაც გარდაცვლილიც,  ბრალდებულებიცა და დაზარალებულებიც მოძრაობდნენ და აქედან გამომდინარე, ამ საგნებიდანაც იქნა აღებული, მოაჯირებიდანაც და შედარდა ნიმუშებთან. ნიადაგის ნიმუშებზე ჯერ პასუხები არაა მოსული, მოაჯირზე და ხიდზე რაც შეეხება, წეარმოუდგენელია, რომ რამდენიმე დღის ნარეცხი წვიმიდან ამოსულიყო კვალი. თუნდაც ჰაერიც არის ისეთი საშუალება, რომ დნმ-ის კვალს და ბოჭკოებს შლის“, – აღნიშნა ყაზარაშვილმა.