პროკურორი - ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად ერთთვიანი ვადა აქვს, დაველოდებით და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას
ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად ერთთვიანი ვადა აქვს, დაველოდებით და ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შემდეგ.
პროკურორმა განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე წინასწარ დასკვნებს არ გამოიტანს.
„მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ჩათვალა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ გვარამიას მიერ ჩადენილი არის ბრალად შერაცხული ქმედება. ასევე, მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების ხელის შეშლის საფრთხე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მიმალვის თუ სხვა საფრთხეებზე, ეს არის განპირობებული ბრალდებულის პიროვნებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, კონკრეტული ფაქტი რომ გვქონდეს, ეს ცალკე დანაშაულია.
რაც შეეხება აღკვეთის შეცვლის საკითხს, წინასწარ ნუ გავაკეთებთ დასკვნებს, ვინ რას მოიმოქმედებს, დაველოდოთ, ბრალდებული რას იზამს და როგორ მოიქცევა. მას აქვს ერთთვიანი ვადა, დაველოდებით და ამის შემდეგ, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. წინასწარ, ერთი თვით ადრე ვერაფერს გეტყვით, სამართლებრივად არსებობს სხვადასხვა გამოსავალი, მათ შორის არის, რომ მიმართოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე“, – განუცხადა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.