პროკურორი - მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია სუს-ის წარმოებაში არსებულ სხვა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა
მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, – ამის შესახებ პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, რაც შეეხება კონკრეტულად, რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, მან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას აქვს კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
„საქმეს რატომ დაედო გრიფი „საიდუმლო“, ამაზე რომ პასუხი გავცე, მომიწევს ფაქტობრივი მონაცემების გამჟღავნება, რისი უფლებაც კანონით არ მაქვს.
თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“. გრიფი „საიდუმლო“ საქმეს ენიჭება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით.
ნიკა გვარამიას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც იყო დაბარებული მოწმის სახით“, – განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა დღეს გაიმართა.