პროკურორი – ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო ორგანო არც გაუფრთხილებია, რომ ქვეყნიდან მიდიოდა და პატარკაციშვილის საქმეზე მოწმედ არ გამოცხადდებოდა

13:11, 09.07.2019

ირაკლი ოქრუაშვილს საგამოძიებო ორგანო არც გაუფრთხილებია, რომ ქვეყნიდან მიდიოდა და პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმედ არ გამოცხადდებოდა, – ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმის განხილვა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა დასრულდეს და სავარაუდოდ, ოქრუაშვილის დაკითხვა ვეღარ მოესწრება.

თუმცა როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, საქმეში დევს, ოქრუაშვილის სატელევიზიო ჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა პატარკაციშვილის მკვლელობა – მისი აფეთქება.

„უნდა დაკითხულიყო ირაკლი ოქრუაშვილი. ის კარგად იყო ინფორმირებული. იცოდა თარიღი, დრო. თუმცა ისე რომ არც შეგვეხმიანა დატოვა საქართველო. შესაბამისად ვერ მოხერხდება მისი დაკითხვა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს, რადგან გვაქვს მისი გაცხადებული ჩანაწერი მედიაში, რომ მას ყოფილი პრეზიდენტი ავალებდა პატარკაციშვილის მკვლელობას აფეთქებით“,- განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც გიორგი დგებუაძის დაკითხვა გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, მას საქმის ორ მთავარ მტკიცებულებას, ფარულ აუდიო ჩანაწერებს მოასმენინებენ, სადაც პროკურატურის მტკიცებით თავად ფიგურირებს.

მსგავსი