პროკურორი - დავით ჭაკუას ბრალდების ორივე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს
2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა. პროკურორის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.
პროკურორი არ აკონკრეტებს გვარებს, ვისით შეიძლება დაინტერესდეს გამოძიება.
„დავით ჭაკუას ბრალდების ორივე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არსებობს გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც კვლავ გრძელდება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება.
რა თქმა უნდა, თუ შეიკრიბება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების ის სტანდარტი, რაც საკმარისია კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება. შესაძლებელია, ის პირთა წრე, რომელიც მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, გაფართოვდეს“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა. დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.