პროკურორი – ჩაბუქის შუამდგომლობას არ ვეთანხმებით, რადგან გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ საპატიმრო ვადებში

16:04, 06.02.2018

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ საპატიმრო ვადებში, – ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ხარისხის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, რის გამოც ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

“სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი გახდა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა. მათ განაცხადეს, რომ სჭირდებათ გარკვეული დრო, რათა გაეცნონ ჩვენს მიერ წარდგენილ პოზიციას, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ საპატიმრო ვადებში. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გარდა დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობისა, წარმოდგენილი იყო სასამართლოს მეგობრის პოზიციები, საჭირო იყო გარკვეული დრო ამ მასალების გასაცნობად და შესაბამისად, სხდომა გადაიდო 19 თებერვლისთვის. ჩვენ, ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში არ ვართ, ანუ ჩვენ ვიხილავთ ექსტრადიციის საკითხს. საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ექსტრადიციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საექსტრადიციო მასალები. მივიჩნიეთ, რომ არ არსებობდა ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, რის გამოც ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და სწორედ დღეს განიხილებოდა აღნიშნული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ ვაფასებთ, ჩაბუქმა ჩაიდინა თუ არა ეს თუ ის ქმედება. ჩვენ ვაფასებთ, რამდენად არის წარმოდგენილი მასალებით შესაძლებელი ქმედებისათვის კვალიფიკაციის მიცემა საქართველოს კანონმდებლობით, რაც სავსებით არის დაკმაყოფილებული თურქული მხარის მიერ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო და ამასთან ერთად არ გამოკვეთილა ექსტრადიციის გამომრიცხავი რაიმე გარემოება, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს”,- განაცხადა ზაზუნაშვილმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.

მსგავსი