პროკურორი - ბაინდურაშვილის ჩვენებით, დადასტურდა, რომ სააკაშვილი თანხებს პირადი კომფორტისთვის ხარჯავდა
პროკურორი - ბაინდურაშვილის ჩვენებით, დადასტურდა, რომ სააკაშვილი თანხებს პირადი კომფორტისთვის ხარჯავდა

კახა ბაინდურაშვილის ჩვენებით, ორი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება დადასტურდა, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი თანხებს პირადი კომფორტისთვის ხარჯავდა, – ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებაზე მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ სააკაშვილი შეხვდა მაშინდელ ფინანსთა მინისტრ ბაინდურაშვილს და პირადად დაავალა საბიუჯეტო თანხების გაზრდა, რისი მოტივაციაც “მისი პირადი კომფორტისთვის თანხების ხარჯვის დამალვა წარმოადგენდა”.

„მეორე შეხვედრა თემურ ჯანაშიასთან და სდსს-ს სხვა წარმომადგენლებთან შედგა, სადაც ამ ხარჯის კანონთან შეუსაბამობა განიხილეს. ამ შეხვედრაზე ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ სამართლებრივ საფუძველს პრეზიდენტი მიხედავდა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია და დანაშაულში ორივე ბრალდებულის მონაწილეობას ადასტურებს”, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.

მისი განმარტებით, ბრალდების პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტისათვის და მისი წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. 9 მილიონი ლარი კი, სდსს-დან, რაც მუჯირის თქმით, არ წარმოადგენდა ამ სამსახურის მიზნობრივ ხარჯს და ის პრეზიდენტის პირადი კომფორტისთვის იყო გაღებული.