პროკურორი - არსებობს და გასაჯაროვდება აუდიო-ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ
პროკურორი - არსებობს და გასაჯაროვდება აუდიო-ვიდეო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ განზრახ, ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, სწორედ ამ ნაწილში დაუზუსტდათ ბრალი დაკავებულებს დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, თუმცა მათი საბრალდებო მუხლი არ შეცვლილა.

პროკურორი ამ ეტაპზე არ ასახელებს იმ ზემდგომი თანამდებობის პირების ვინაობას, რომლებიც, მისი თქმით, დავალებებს გასცემდნენ. თუმცა, მიხეილ სადრაძის განცხადებით, არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც აღნიშნულ მოტივს ამყარებს.

„დღეს მოხდა ბრალის დაზუსტება. ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, რომ დადგენილი გვქონდა მოტივი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით გასაჯაროებისგან. დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, დავალებების შესაბამისად, ზემდგომი თანამდებობის პირების შესაბამისად.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას, ესაა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ესაა აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც მოტივის, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა.

ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე დავალებებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათლად არის ასახული“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყება აღნიშნულ მასალებს, რომლებიც გამოძიების დაწყებიდან ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავებამდე პერიოდს მოიცავს, უახლოებს მომავალში გაასაჯაროებს.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის დაზუსტებასთან დაკავშირებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან ადვოკატები და გამომძიებლები არიან შესული. ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან, სადაც მელაშვილი და ილიჩოვა იმყოფებიან, ოპოზიციის მონაწილეობით აქცია გაიმართა.