პროკურორი აცხადებს, რომ თემურ ჯანაშიას ადვოკატი დარბაზიდან მოსამართლისადმი დაუმორჩილებლობის გამო გააძევეს
პროკურორი აცხადებს, რომ თემურ ჯანაშიას ადვოკატი დარბაზიდან მოსამართლისადმი დაუმორჩილებლობის გამო გააძევეს

შემდეგ სხდომაზე გადაწყდება ჯანაშიას დაცვის საკითხი, ისარგებლებს ის სხვა ადვოკატის მომსახურებით თუ ადვოკატის გარეშე გააგრძელებს,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა სხდომიდან ადვოკატის გაძევების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,  ბექა ბასილაიას გაძევებაზე მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივი ადვოკატის დაუმორჩილებლობა გახდა.

„ადვოკატი შეგნებულად ამახინჯებდა მოწმის ჩვენებას. ეს ბრალდებამ არაერთხელ გააპროტესტა, რასაც მოჰყვა ადვოკატის სულიერი აღელვება და მოსამართლემ ის ჯერ დააჯარიმა, მერე კი, გააძევა სხდომიდან”,- განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის დაკითხვა შემდეგ სხდომაზე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, პირველ თებერვალს, 11:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე თემურ ჯანაშიას დაცვის საკითხია გადასაწყვეტი და შესაძლოა ბაინდურაშვილის დაკითხვა ვერ გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მოსამართლემ ადვოკატი დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გააძევა.