პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა 35-მა პირმა ჩააბარა
2021 წლის 15-დან და 22 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად განაცხადი 900-ზე მეტმა მსურველმა წარადგინა, რომელთა გადარჩევა წინასწარ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოხდა.
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ერთ ეტაპად, ელექტრონულად, ტესტირების მეთოდით ჩატარდა. საგამოცდო ტესტი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 დავალებას მოიცავდა. გამოცდა წარმატებით 35-მა პირმა ჩააბარა.
გამოცდის ჩატარების შემდეგ შემოსული საპრეტენზიო განცხადებების/საჩივრების განხილვისა და საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის კომისიის მიერ გამოცდის საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდეგ, გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ტესტურ გამოცდაში 75 ან მეტი ქულა დააგროვეს.
საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით 2010 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N042 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად. მანამდე არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შემდგომში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა.
„პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზანს პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად, მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა წარმოადგენს. საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის/პროკურატურის სტაჟიორისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.