პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ. სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

15:09, 29.08.2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს წინასასამართლო სხდომა დასრულდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და არასრულწლოვანი დ.ღ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

გამოძიება დ.ღ-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

დღევანდელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე დაკავებული დ.ღ-ს ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანი თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. ადვოკატების თქმით, დ.ღ-მ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მისივე თხოვნით არ გაახმაურა.

მსგავსი