პროკურატურამ სოფელ მულახში მკვლელობის ფაქტზე ბ.ნ.-ს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ სოფელ მულახში მკვლელობის ფაქტზე ბ.ნ.-ს ბრალი წარუდგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ ფაქტზე ბ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის თანამშრომელმა, ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

„მათ შორის, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ბ.ნ.-ს და მისი თანამშრომლის, ბ.ზ.-ს კუთვნილი ავტომობილები, ასევე დათვალიერება ჩაუტარდა გარდაცვლილის ავტომობილს. ბ.ი-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაინიშნა ბალისტიკური, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზები, გამოიკითხნენ მოწმეები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია და გამოკითხულია გარდაცვლილის მამა. საქმეზე ამ ეტაპზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროკურატურამ გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე 22 აპრილს ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, სსკ-ის 108-ე და 236-მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებული ბ.ნ. სამართალდამცავ ორგანოებს დღეს ჩაბარდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.