პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქის და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებას პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირების ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მ.კ-მ საქართველოში დააფუძნა უცხოური საწარმოს მსგავსი დასახელების იურიდიული პირი, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიშები გახსნა საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

მ.კ-მ და დ.კ-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, საფრანგეთის ოთხი მოქალაქე – ე.ს., ა.ტ., ფ.ო. და ლ.დ. სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დაარწმუნეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაში. 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 27 აპრილამდე, მათ საფრანგეთის მოქალაქეებს ჯამში 159 905 ევრო (476 281 ლარი) მოტყუებით ჩაარიცხინეს მ.კ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე, რომელსაც მ.კ. და დ.კ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში კი, აღნიშნული თანხა დ.კ-მ პირადი საბანკო ანგარიშიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სახით ისრაელში ოჯახის წევრების სახელზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებებით, მ.კ-მ და დ.კ-მ ჯამში 73 995 ევროს და 13 100 აშშ დოლარის (253 055 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

მ.კ-ს და დ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის 7 ივნისს წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მ.კ-ს დაფუძნებული საწარმოს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.