პროკურატურამ მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ მოხელისთვის ქრთამის გადაცემის გამო ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ მოხელისთვის ქრთამის გადაცემის გამო ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „მომსახურების სააგენტოში“ მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ამავე სააგენტოს თანამშრომელს ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.