პროკურატურამ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

19:19, 15.08.2024

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ.

„ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №63-ში და გმირ კურსანტთა ქუჩა №5ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინებს მათზე ყიდდნენ, რეალურად კი, ბრალდებულებს აღნიშნული ბინები სხვა პირებზე უკვე გაყიდული ჰქონდათ. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საცხოვრებელი კორპუსის მე-10 და მე-11 სართულებზე არსებულ ბინებს ყიდდნენ, მაშინ როცა მხოლოდ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ მოპოვებული. ამ გზით ბრალდებულები 8 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში, 466 491 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი 14 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 8 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი