პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება შვიდ პირს წარედგინა. აღნიშნულის შესახებ პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ.

„აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე შვიდ, ჯამში, 1 548 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითიც სახელმწიფოს 334 049 ლარის დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

„სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

დღემდე დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 620 299 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.