პროკურატურა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად შეფასდა ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები
პროკურატურა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად შეფასდა ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები

ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში დადებითად შეფასდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მათ შორის ხაზგასმულია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის კატეგორიის დანაშაულებზე სპეციალიზებული პროკურორების მუშაობის მნიშვნელობა და მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები.

კერძოდ, ოჯახური დანაშაულის საქმეებზე 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 1 986 პირის მიმართ დაიწყო, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 550-ს შეადგენდა. 2014 წელს მსგავს დანაშაულებზე ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 14 პროცენტს უტოლდებოდა, 2017 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 83 პროცენტს მიაღწია.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, თბილისში გაუმჯობესებულია სამართალდამცავებისა და პროკურორების პროფესიონალიზმი ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით“, – აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.