პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღესვე მიმართავს
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღესვე მიმართავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც აქვს ბრალდების მხარეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

გულუაშვილის განცხადებით, ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს სხდომა.

„საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის წინადადების განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება და გენერალურ პროკურატურას ნება დართო, ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. ეს სამართლებრივად ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, ისე, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არც ერთი ადამიანისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გათვალისწინებული არის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს. დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში უნდა ჩანიშნოს სხდომა, სადაც მოხდება მხარეთა არგუმენტების მოსმენა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა.