პროკურატურა – ნიკა მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.
ასევე აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშუალებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრა ნიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 სათიდან 23:56 საათამდე). აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლები პირველად იყენებ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ გუშინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა ვიდეოკადრები. „ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით. პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ/გახარიამ“, – წერს ნიკა მელია.