პროკურატურა - მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხეიძემ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა
პროკურატურა - მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხეიძემ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა

ირაკლი ჩხეიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ირაკლი ჩხეიძის მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა საქმის განხილვა მიმდინარეობს.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხეიძის მიმართ არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით).

ირაკლი ჩხეიძე 2015 წელს ბრალდებულად დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით კი შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოში კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ირაკლი ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ამ საქმეზე ჩხეიძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზა საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება 3 წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან ამ პირობაზე უარი განაცხადა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყების განმარტებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა.