პროკურატურა ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებული დავით კუტალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კუტალაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი იმართება.
პროკურატურა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ასევე, სოციალურ ქსელში დავით კუტალაძის ვიდეომიმართვები ვრცელდებოდა, რომელშიც ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები, მათ შორის, მედიის საწინააღმდეგოდ. პროკურატურის წარმომადგენელმა საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, რომ გამოძიება ამ ვიდეომასალებთან დაკავშირებითაც მუშაობს.
„პროკურატურა კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს. დაკავებულია პირი ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაზე, ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაზე და დევნაზე. პირველ რიგში, ის გარემოება, რომ ამ საქმეზე 16 ბრალდებულია, ნიშნავს, რომ გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მათ შორის, მუშაობს ორგანიზატორების დადგენის კუთხით. მოცემულ შემთხვევაში უფრო მოცულობითი სამუშაო არის ამ მიმართულებით. ბრალდებამ 48 საათში მივმართეთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ეპიზოდები შეიძლება, არ წარედგინოს. გიდასტურებთ, რომ ყველა მიმართულებით მუშაობს ბრალდება. ეს პირი ერთ-ერთი ჟურნალისტის ამოცნობის შედეგად დავადგინეთ“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დავით კუტალაძეს დღეს წარუდგინა.
„პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.