პროგნოზის მიხედვით, „ევროპის სახალხო პარტია“, სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი ევროპარლამენტში 73 ადგილს დაკარგავენ
პროგნოზის მიხედვით, „ევროპის სახალხო პარტია“, სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი ევროპარლამენტში 73 ადგილს დაკარგავენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფი (S&D), ერთად 73 ადგილს დაკარგავენ. როგორც ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, მემარჯვენე ცენტრისტები – „ევროპის სახალხო პარტია“(EPP) 188 მანდატს, ხოლო სოციალისტები და დემოკრატები (S&D) 142 ადგილს მიიღებენ.

პროგნოზის თანახმად, ამ ორ ჯგუფს, არჩევნების შემდეგ, უმრავლესობა აღარ ეყოლება და კოალიციის ფორმირებისთვის სულ მცირე ერთი პარტიის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ პროევროკავშირის კურსის მქონე ყველა პარტიის პოპულარობა იკლებს და შესაბამისად, ისინი მომავალ პარლამენტში ადგილებს დაკარგავენ. გამონაკლისი მხოლოდ ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსია (ALDE), რომელსაც ახალ პარლამენტში 68-ის ნაცვლად, სავარაუდოდ 72 დეპუტატი ეყოლება.

იგივე კვლევა აჩვენებს, რომ ევროსკეპტიკოსების რეიტინგი იზრდება. ახლა პარლამენტში, სავარაუდოდ, ასეთი ჯგუფების 150 წევრი მოხვდება. ყველაზე დიდი ჯგუფი იქნება „ერებისა და თავისუფლების ევროპა“ (ENF), რომელშიც იტალიური „ლიგა“ და ფრანგული „ნაციონალური გაერთიანება“ შედის. ეს ჯგუფი ევროპარლამენტში 62 მანდატს მიიღებს.

წინასწარი პროგნოზების მიხედვით, მწვანეებს ევროპარლამენტში მხოლოდ 51 დეპუტატი ეყოლებათ. მათ რეიტინგით ევროსკეპტიკოსების კიდევ ერთი ჯგუფი „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) უსწრებს.

ევროპარლამენტში არჩევნები მაისში გაიმართება. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გამო, ევროდეპუტატების საერთო რაოდენობა 751-დან 705-მდე შემცირდება.