„პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება“
„პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება“

პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

პირველი არხის ჟურნალისტმა მარიამ სეთურიძემ კითხვა დასვა – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აღარ იყოს.

„გატარებული ღონისძიებებისა და რეფორმების პარალელურად, პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი იზრდება. ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის კვლევა და მინდა გითხრათ, რომ თუ 2013 წელს ეს მაჩვენებელი 33% იყო, შარშანდელი მონაცემით ის – 51%-მდე გაიზარდა”, – განაცხადა ნატრიაშვილმა.

როგორც განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დღეს დამსაქმებელი საუბრობს არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგი სპეციალისტია ადამიანი, არამედ იმაზეც, თუ რამდენად აქვს მას კომუნიკაციის უნარები საკუთარ და უცხო ენაზე, რამდენად აქვს სამეწარმეო უნარები და ასე შემდეგ.

„მდგრადი განვითარების შესაბამისად გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც სწორედ ამ პრობლემებს უნდა შევეჭიდოთ. საერთოდ, ადამიანური კაპიტალის განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება. სწორედ ამიტომ, გატარდა მთელი რიგი ინტერვენციები, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა გვქონოდა და ბავშვის ადრეულ აღზრდა-განვითარებაზეც გვემუშავა. დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო სტანდარტები და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ასევე, გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ეროვნული სასწავლო პროგრამა შედეგებზე ორიენტირებული ყოფილიყო. დღეს 21-ე საუკუნეა და ადამიანს ეს უნარები ცხოვრებისთვის სჭირდება. ასევე, სპეციალობის პარალელურად ეს უნარები სჭირდება დამსაქმებელსაც”, – განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.

დატოვე კომენტარი