პროექტის – „იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში საქართველოში უკვე 197 პირი ჩამოვიდა

18:10, 26.10.2020

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის – „იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში, ორი თვის მანძილზე 1 100-მდე ადამიანმა დაარეგისტრირა განაცხადი, რაც პროექტის ეფექტიანობაზე მიუთითებს. ამასთან, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა 197 პირი.

„ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5 700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები ექვსი თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დახარჯულ 23.9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე – საუკეთესო შედეგია. (მარკეტინგული დანახარჯი 17000 აშშ დოლარი, უკუგება ერთ ინვესტირებულ აშშ დოლარზე – 1 408 აშშ დოლარი). ამასთან, მოცემული ინფორმაციის შესაბამისად, პროექტი არ წარმოადგენს მასობრივი ტურიზმის გენერირების ხელსაწყოს, შესაბამისად, მისი ეფექტიანობის შეფასება უნდა განხორციელდეს მისაღები ეკონომიკური სარგებლის განსაზღვრით და არა განაცხადების რაოდენობით. დამატებით მოგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა 197 პირი.

მათ შორის ქვეყანას სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები ისეთი მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვა. საერთო ჯამში, მიღებული აპლიკანტების 53 პროცენტი არის თვითდასაქმებული (Freelancer), 28 პროცენტი – სრული განაკვეთით დასაქმებული დისტანციურად მომუშავე (Full-Time Employee), ხოლო 19 პროცენტი არის მეწარმე (Entrepreneur).

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-მდე სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, იაპონიას, უკრაინას, რუსეთსა და ბელორუსიას“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი