პრობლემის მოგვარების მოლოდინში - დავითაშვილმა ისევ ვერ ითამაშა #1TVSPORT
პრობლემის მოგვარების მოლოდინში - დავითაშვილმა ისევ ვერ ითამაშა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ განაცხადში ისევ არ იყო საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ შეხვედრაში, რომელიც სტუმრად „სენტ ეტიენს“ შეხვდა და 2:0 დამარცხდა.

ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის უთამაშებლობის მიზეზი – ფრანგული მედიის ცნობით, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში მუშაობის უფლება დღემდე ვერ მიიღო, მას ადმინისტრაციული პრობლემა აფერხებს. თუმცა, დამაიმედებელი ისაა, რომ დავითაშვილს იურიდიული პრობლემების მოგვარებას ახალი კვირის დასაწყისში პირდებიან და ეს თამაშის საშუალებას მისცემს შემდეგ ტურში, რომელსაც „ბორდო“ 17 სექტემბერს „დიჟონთან“ საშინაო არენაზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი ცნობილ ფრანგულ კლუბში ოფიციალურად 2 სექტემბერს ჩაირიცხა. ის ბათუმის „დინამოდან“ საფრანგეთში იჯარით (კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით) გადავიდა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა, მაგრამ ჯერ ამის საშუალება არ აქვს.

„ბორდომ“, რომლიც საფრანგეთის ლიგა 2-ში ლიდერობდა, ბოლო ტურში „სენტ ეტიენთან“ წაგებით პირველი ადგილი დაკარგა და მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.