პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ეტაპობრივად აღდგენა ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირებით დაიწყება
პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ეტაპობრივად აღდგენა ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირებით დაიწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ეტაპობრივად აღდგენა ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირებით დაიწყება.

უწყების ცნობით, დღეს გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დღედ 2020 წლის 18 მაისი დადგინდა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 18 მაისიდან 1 499 პირს შეეხება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციის ბიუროები ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირების მისაღებად უკვე მზად არიან.

„იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და დაცული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საბჭოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ყველა ბიურო აღჭურვილია დეზობარიერით, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებებით. აპარატურა, რომელიც თითის ანაბეჭდის ასაღებად გამოიყენება, ყოველი მოხმარების წინ სპეციალური ხსნარით დამუშავდება.  ბიუროს შიდა სივრცეში შესასვლელად პრობაციონერები ვალდებულნი იქნებიან, ატარონ დამცავი ნიღაბი. სერვისის მისაღებად შენობაში ერთდროულად დაიშვება არაუმეტეს სამი პირისა, შენობის გარეთ კი, სოციალურ დისტანციას დაცვის პოლიცია გააკონტროლებს.

რაც შეეხება დანარჩენ, სხვა მუხლებით გასამართლებულ პრობაციონერებს, ისინი პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბიუროში გამოუცხადებლობა მათ ჩაეთვლებათ საპატიოდ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

პრობაციონერები ბიუროებში სავალდებულო გამოცხადებისგან იუსტიციის მინისტრის მითითებით ჯერ კიდევ 12 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გათავისუფლდნენ, იუსტიციის მინისტრის 16 აპრილის №522 ბრძანების მიხედვით კი, სავალდებულო გამოცხადებისაგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა.

დღეს, ამავე ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ჩადენილი ძალადობისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის შესაბამისად – 2020 წლის 18 მაისიდან უნდა გამოცხადდნენ.