„პრივატბანკის“ საქმის მოსამართლეები პეტრო პოროშენკოს ზეწოლაში ადანაშაულებენ
„პრივატბანკის“ საქმის მოსამართლეები პეტრო პოროშენკოს ზეწოლაში ადანაშაულებენ

„პრივატბანკის“ საქმის მოსამართლეები პეტრო პოროშენკოს ზეწოლაში ადანაშაულებენ. შესაბამისი განცხადება კიევის საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გაავრცელა.

მათი მტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენს და სასამართლო პროცესში ერევა.

მოსამართლეებმა მიმართეს უკრაინის მთავარ პროკურატურას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს წინასასამართლო გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ: პეტრო პოროშენკო, იუსტიციის მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი.

მოსამართლეთა განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ღია მუქარას და ძირს უთხრის უკრაინის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

18 აპრილს კიევის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერის, იგორ კოლომოისკის სარჩელი დააკმაყოფილა და „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია უკანონოდ ცნო. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა და უკრაინის მთავარი პროკურატურისგან კიევის საოლქო სასამართლოს მოსამართლეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვა მოითხოვა.