პრიეტო ესპანეთში დაბრუნდა - „დინამოს“ ყოფილი მეკარე მესამე ლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
ანდრეს პრიეტო, რომელმაც „დინამო თბილისი“ ივლისში დატოვა, კარიერას პირველი დივიზიონის (R.F.E.F, ესპანეთის რანგით მესამე ლიგაა) „ალკორკონში“ გააგრძელებს.
საინტერესო დეტალია, რომ პრიეტომ ახალ კლუბთან კონტრაქტი 26 ივლისს გააფორმა, ანუ „დინამოდან“ წასვლის შემდეგ ერთ დღეში ახალ კლუბში ჩაირცხა. მისი კონტრაქტი ახალ კლუბთან ერთ წელზეა გათვლილი და 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.
28 წლის ესპანელი მეკარე „დინამო თბილისს“ ტოგოელ მცველთან, საიმონ ბენიოსთან ერთად ევროტურნირის შემდეგ დაემშვიდობა და კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
ამ ფრაზის მიღმა იმალება ანდრეს პრიეტოთი „დინამო თბილისის“ უკმაყოფილება. ის გუნდს 2021 წლის აგვისტოში შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში უგოლოდ დაასრულა.