პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები პირველ არხზე

პირველი არხი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, გარდა მაუწყებლის მიერ გათვალისწინებული ფორმატებისა, ერთმანეთში შეთანხმების შემთხვევაში, უთმობს დებატებისთვის საეთერო დროს.

დღეს, 4 ოქტომბერს, 22:00 საათზე გაიმართება პრეზიდენტობის კანდიდატების –  მიხეილ სალუაშვილის, გიორგი ლილუაშვილის, კახაბერ ჭიჭინაძის დებატები.

დებატები შედგება ოთხი ბლოკისგან. სამ ბლოკში წამყვანი დაუსვამს შეკითხვებს დებატებში მონაწილეებს, ხოლო ერთი ბლოკი დაეთმობა თავად კანდიდატების შეკითხვებს ერთმანეთთან. კანდიდატების  წარდგენის რიგითობა და პირველ კითხვაზე პასუხი განისაზღვრა მათი საარჩევნო ნომრით, უმცირესიდან უმეტესის მიმართულებით. ყოველი შემდგომი პასუხის, ან რეპლიკის შესაძლებლობა მიეცემა რიგით შემდგომ კანდიდატს. ასევე, კანდიდატებს ექნებათ ერთი წუთი საკუთარი თავის წარსადგენად.

კითხვები ასევე შეირჩევა სოციალური მედიიდან გამოხმაურებების შესაბამისად და თავად კანდიდატების საარჩევნო დაპირებებიდან და პროგრამებიდან.

თითოეული ბლოკის ბოლოს კანდიდატებს დაეთმობათ დრო საკუთარი ოპონენტების გამოსვლების შესაფასებლად, კონტრარგუმენტების მოსაყვანად, ან  დამატებითი არგუმენტაციისთვის. ასევე, კანდიდატებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ საარჩევნო მოწოდება.

პარტიებს შორის დებატებზე  შეთანხმების შემთხვევაში, პირველი არხი თხოვნით მიმართავს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რამდენიმე დღით ადრე აცნობონ თავიანთი შეთანხმების შესახებ, რათა საეთერო ბადეში ცვლილებები დროულად აისახოს.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს. კანონის მოთხოვნათა საფუძველზე დაგეგმილი დებატების განრიგი და რიგითობა შეთანხმდა საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე. არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორის დებატები 12 ოქტომბერს, პარასკევს 22:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტს შეუძლია მონაწილეობის მიღება. კვალიფიციური სუბიექტები კი ორ ჯგუფად, 8-8 კანდიდატად დაიყო. მათ შორის დებატები 19 და 26 ოქტომბერს გაიმართება.

გარდა ამისა, 26 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე ყოველდღე, კვირის გარდა, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში თითოეულ კანდიდატს საშუალება აქვს, ამომრჩევლებს 10 წუთის განმავლობაში, 21:30 საათზე საკუთარი ხედვა გააცნოს.

ასევე, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს: ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.

დებატები და მათი ხედვების წარდგენა ასევე გადაიცემა საქართველოს რადიოს FM102.4-ის ეთერში.