პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, გაბუნია გამოკითხვაზე 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
დიმიტრი გაბუნია მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
ამავე თემაზე პროკურატურაში გამოკითხავენ 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის ოჯახის წევრსაც, რომლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს კიდევ 33 პატიმართან ერთად შეიწყალა.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.