პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, ხუციშვილი გამოკითხვაზე 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ანგი ხუციშვილი მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამავე თემაზე, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.