პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ანა დოლიძის მხარდამჭერი აქცია იმართება
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ანა დოლიძის მხარდამჭერი აქცია იმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სახელწოდებით – „პრეზიდენტი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა, არ დაარღვიოთ კონსტიტუცია“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

აქციაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს უცხადებენ მხარდაჭერას.

მათი განმარტებით, პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი.  თანამდებობიდან გაათავისუფლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მის მიერ წარდგენილი წევრი.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, კონსტიტუციის 52-ე მუხლი წაიკითხეს და პერფორმანსის შემდეგ პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია დაუტოვეს.

„პრეზიდენტს შევახსენებთ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, მას საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება არ აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ ეფუძნება რამე გადაცდომას. ბოლო წლების განმავლობაში მას აქვს კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებები სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებთან დაკავშირებით და ამაზე ღიად საუბრობს იუსტიციის საბჭოს ფორმატში. საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს თანამდებობიდან იუსტიციის საბჭოს წევრი. ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს, სადაც ვითხოვთ, გასწორდეს ეს კანონშეუსაბამობა და ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. კანონით უნდა განისაზღვროს, რომ პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება არ გააჩნია“, – აცხადებს ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.