პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველ 15 კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველ 15 კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველ 15 კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორ გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, გასაუბრების პროცესი ხვალაც გაგრძელდება და სულ დარჩენილია ათი კანდიდატი. მათგან ერთი თავმჯდომარეობის, ხოლო ცხრა წევრობის კანდიდატია.

„ჩვენ გავესაუბრეთ 15 კანდიდატს, როგორც თავმჯდომარეობის, ასევე წევრობის, და იყო ინტენსიური პროცესი, მოგვიწია გვიანობამდე მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ისეთი კანდიდატები, რომლებსაც კომისია ნდობას გამოუცხადებს, ჩვენ წარვუდგენთ პრეზიდენტს შესაბამის კანდიდატებს. არანაირი საფუძველი ვინმეს მიკერძოებულობაზე არ მაქვს. საკმაოდ კოლეგიალურად ვმუშაობთ. კითხვები აქვს თითოეულ წევრს ინდივიდუალურად. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომელ კანდიდატებს გამოარჩევს შესარჩევი კომისია. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში დავასაბუთოთ გადაწყვეტილება – იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი. არიან კანდიდატები საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის, არიან გარკვეული გამოწვევებით ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა კომისიამ მხარი დაუჭიროს ან არ დაუჭიროს, წინასწარ ამაზე საუბარი რთულია. იყვნენ კანდიდატები, რომლებმაც გასაუბრების პროცესში და ჩემს კითხვებზე საკმაოდ კვალიფიციური პასუხები გამცეს, მაგრამ იყვნენ კანდიდატებიც, რომელთა პასუხებმა ნამდვილად არ დამაკმაყოფილეს. დარჩენილია გამოსაკითხი ათი კანდიდატი და გასაუბრება ამით დასრულდება. ამის შემდეგ უკვე დაიწყება დეტალურად ხმის მიცემის პროცესი და ოქმის შედგენა. გამოსაკითხი დაგვრჩა თავმჯდომარეობის ერთი და წევრობის ცხრა კანდიდატი“, – განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

საკონკურსო კომისიას გასაუბრებისთვის ორი დღე აქვს, შემდეგ მან პრეზიდენტს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს. თუმცა შესაძლებელია, კომისიამ რეკომენდაცია არც ერთ კანდიდატს არ მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს. შეთავაზებულ კანდიდატებზე უარის თქმის უფლება აქვს პრეზიდენტსაც. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად, მას მხარდაჭერა ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებამოსილების ვადა ექვსი თვით განისაზღვრება.

დატოვე კომენტარი