პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილის ყველა საერთაშორისო გამოსვლასა თუ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილის ყველა საერთაშორისო გამოსვლასა თუ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს, სალომე ზურაბიშვილსა და კერსტი კალიულაიდს შორის შედგა საუბარი, ეს არის პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

ამასთან, ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამ დღეებში სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ფორმით კონტაქტზე იყო უცხოელ პარტნიორებთან და მათ აწვდის დეტალურ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.

„გარდა ესტონეთისა, ასეთი კონტაქტები შედგა პოლონეთის, ლიეტუვას, (ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა) საფრანგეთის, ევროკავშირის პრეზიდენტებსა და მათ ადმინისტრაციებს შორის. ამავდროულად, პრეზიდენტი ემზადება თავის გამოსვლებისთვის ვილნიუსის საერთაშორისო კონფერენციაზე, პარიზის MEDEF- ის საზაფხულო უნივერსიტეტსა და ვარშავის საერთაშორისო შეხვედრისთვის“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ამ გამოსვლაზე თუ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

„პრეზიდენტის აქტიურობის მთავარი მიზანია ჩვენი პარტნიორების დახმარების მოპოვება სიტუაციის განმუხტვისთვის“, – აცხადებს ადმინისტრაცია.