პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მამუკა ჟღენტის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდნენ, ცენტრალურ აფრიკაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მამუკა ჟღენტის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდნენ, ცენტრალურ აფრიკაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო იძულებულნი გახდნენ, მარტში ცენტრალურ აფრიკაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ბატონი მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელ განცხადებას.

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.

ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებულნი გახდნენ, მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას.

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტის თვეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება. როგორც მამუკა ჟღენტმა დაწერა, ინფორმაცია ცენტრალური აფრიკის სპეცსამსახურებისგან მიიღო.