პრეზიდენტი ხვალ სამოქალაქო სექტორთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს შეაჯამებს
პრეზიდენტი ხვალ  სამოქალაქო სექტორთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს შეაჯამებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამართულ კონსულტაციებს ხვალ სამოქალაქო სექტორთან დაგეგმილ გაფართოებულ შეხვედრაზე შეაჯამებს.

პრეზიდენტის მრჩევლებმა კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვდნენ აკადემიურ წრეებსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. კონსტიტუციის იმ რედაქციის გათვალისწინებით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ასევე პარლამენტი ირჩევს, თუმცა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.