პრესა - ბელინგემი ვერ გახდა ევროზე ინგლისის ლიდერი, ნახევარმცველს ნაკრებში მეგობრები არ ჰყავს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა ვერ შეძლო ლიდერის თვისებების გამოვლენა ინგლისის ნაკრებში ევრო 2024-ის დროს.
როგორც გამოცემა The Athletic-ი ამტკიცებს, ბელინგემმა ვერ მოიპოვა პარტნიორების ნდობა ეროვნულ გუნდში. ახალგაზრდა ნახევარმცველს კარგი დამოკიდებულება აქვს „ლივერპულის“ მცველთან, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან, მაგრამ სხვა მეგობრები ინგლისის ნაკრებში მას არ ჰყავს.
გარდა ამისა, ნაკრებში ბელინგემის პარტნიორებს ასევე გაუკვირდათ ის, რომ „რეალის“ ფეხბურთელი ტურნირის მსვლელობისას ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს, თუმცა პრესაში გუნდის ერთ-ერთ ლიდერს უწოდებდნენ.
ამასთან, ანონიმური წყაროები მიიჩნევენ, რომ თავად ბელინგემი ყურადღებით ადევნებდა თვალს იმას, რას წერდა და ლაპარაკობდა მასზე მედია.
ინგლისის ნაკრებში ბელინგემის თანაგუნდელები ასევე უსიამოვნოდ გააოცა კომპანია Adidas-ის რეკლამამ, რომელსაც Hey Jude ჰქვია. მასში ახალგაზრდა ფეხბურთელი ერის მხსნელად არის გამოყვანილი.
ევრო 2024-ის ფინალში ინგლისმა 1:2 წააგო ესპანეთის ნაკრებთან.