პრეპარატ რემდესივირის გავრცელებას ზედამხედველობას ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს
ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატის, რემდესივირის გავრცელება თეთრი სახლის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოხდება. ინფორმაციას კრიტიკული მდგომარეობების მენეჯმენტის ფედერალური სააგენტო ავრცელებს.
პრეპარატის მწარმოებელის, „გილეად საიენსის“ თქმით, პრეპარატის არსებული მარაგების გავრცელებაზე პასუხისმგებელი ფედერალური მთავრობა იქნება. ამჟამად პრეპარატის ხელმისაწვდომი მარაგები 100,000-დან 200,000-მდე პაციენტის სამკურნალოდ არის საკმარისი.
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ რემდესივირი კორონავირუსით ინფიცირების ხანგრძლივობას ამცირებს, თუმცა პრეპარატი კრიტიკული პაციენტების მკურნალობისთვის ნაკლებად ეფექტიანია.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ რემდესივირი განსაკუთრებულ გარემოებებში გამოსაყენებლად გასულ კვირას დაამტკიცა. „გილეადში“ აცხადებენ, რომ ოქტომბრისთვის პრეპარატის მარაგი 500,000 სამკურნალო პროცედურისთვის იქნება საკმარისი, ხოლო დეკემბრისთვის ეს მაჩვენებელი მილიონსაც მიაღწევს.