„პრემიერშიფის“ კლუბები მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ (Black Lives Matter) დაუჭერენ მხარს
„პრემიერშიფის“ კლუბები მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ (Black Lives Matter) დაუჭერენ მხარს

ინგლისური რაგბის უმაღლესი დივიზიონის, „პრემიერშიფის“ უკლებლივ ყველა კლუბი სეზონის განახლებისას ანტირასისტულ მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ (Black Lives Matter) დაუჭერს მხარს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ (BBC) ავრცელებს.

„ჰარლექვინსი“, „ლესტერი“ და „ვოსფზი“ აპირებენ, რომ მატჩის წინ მორაგბეებმა და კლუბის წარმომადგენლებმა მუხლზე დაიჩოქონ – ანუ შეასრულონ ჟესტი, რომელიც უკვე ანტირასიტული მოძრაობის სინონიმად იქცა.

მოძრაობას მხარი „პრემიერ ლიგაში“ მოთამაშე ფეხბურთელებმაც დაუჭირეს, როდესაც ივნისში პანდემიის გამო შეწყვეტილი გათამაშება განახლდა

„ბრისტონ ბეარსი“, „ნორსჰემპტონი“, „გლოსტერი“ და „ბათი“ სოლიდარობის გამოხატვას სხვა ფორმით გეგმავენ. სხვა კლუბები, „სარასენსის“ ჩათვლით, ჩაიცვამენ პერანგს, რომელზეც ანტირასისტული გზავნილი იქნება დატანილი.

აღნიშნულ აქციაზე მომუშავე ჯგუფმა, რომელშიც უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე შავკანიანი მორაგბეები და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფრთა უგო მონიე შედიან, გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომელსაც მხარს თავად „პრემიერშიფ რაგბიც“ უჭერს:

„ჩვენ, მოთამაშეები ერთად ვდგავართ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ვამაყობთ იმით, რომ ორგანიზაცია „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ დადებითი გზავნილების გავრცელებაში დავეხმარებით. არ ვუჭერთ მხარს რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას. ერთად ვდგავართ, რათა შევებრძოლოთ რასობრივ დისკრიმინაციას სპორტში და მთლიანად საზოგადოებაში.“

„პრემიერშიფი“ მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და 14 აგვისტოს „ჰარლექვინსის“ და „სეილ შარქსის“ მატჩით განახლდება.