პრემიერლიგის ლეგიონერებიდან სანაკრებო პაუზაზე თავი მხოლოდ დავითაშვილმა გამოიჩინა #1TVSPORT
პრემიერლიგის ლეგიონერებიდან სანაკრებო პაუზაზე თავი მხოლოდ დავითაშვილმა გამოიჩინა #1TVSPORT

რუსეთის ჩემპიონატში ბევრი ცნობილი ლეგიონერი თამაშობს, რომლებიც ოქტომბრის საერთაშორისო პაუზის დროს ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირზე მოთამაშე არაერთი ფეხბურთელიდან თავი მხოლოდ საქართველოს ნაკრებისა და ტულას „არსენალის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა.

„დანარჩენები სად არიან?“, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ წერილში „სპორტბოქსმა“ კოსოვოს ნაკრებთან ზურიკო დავითაშვილის წარმატებული თამაში გამოარჩია.

„ევროპაში რუსეთის ჩემპიონატის ლეგიონერების მონაგარი მეტისმეტად მოკრძალებული აღმოჩნდა. უცნაურია, რომ უეფა-ს ზონაში გატანა მხოლოდ ტულას „არსენალის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა. სწორედ მის ანგარიშზეა გადამწყვეტი გოლი კოსოვოს კარში (2:1), რომლის წყალობითაც საქართველომ ტურნირზე მოიპოვა პირველი გამარჯვება და ჯგუფში ბოლოდან მე-4 ადგილზე დაწინაურდა“, – წერს გამოცემა.

 

სპორტბოქსმა“ ყურადღება ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას დროებით კრიზისზეც გაამახვილა.

„სხვათა შორის, „რუბინში“ მოთამაშე დავითაშვილის უფრო ცნობილი თანამემამულე ამჯერად საკმაოდ ფერმკრთალად გამოიყურებოდა. კვარაცხელიას რუსეთის ჩემპიონატში ივლისიდან გოლი არ გაუტანია – როგორც ჩანს, წარუმატებელი სერია ახლა ეროვნულ ნაკრებზეც გავრცელდა“.